ინტერნეტ გაყიდვები და მისი დამახასიათებელი თავისებურებები

ინტერნეტის წარმოშობამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. ინტერნეტი მისი გავრცელების პირველ სტადიაზე არა მხოლოდ კომუნიკაციისათვის გამოიყენებოდა, არამედ სავაჭრო კომპანიებს შეეძლოთ მისი მეშვეობით მარკეტინგის სტრატეგია უფრო დაეხვეწათ. მოგვიანებით ინტერნეტმა მსოფლიო ბიზნესში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა და ძირეულად შეცვალა კიდეც. ინტერნეტ სერვისი, როგორც ფასიანი მომსახურების ერთ-ერთი ფორმა, თავად წარმოადგენდა კომერციულ საქმიანობას, მაგრამ ამავე დროს იგი საშუალებას იძლეოდა მისი მომხმარებლისთვის ფართო თუ ვიწრო კომერციული და ეკონომიკური საქმიანობა თვით სისტემაში განეხორციელებინა.

ბოლო დროს მსოფლიო კომპიუტერულ თუ ბიზნეს წრეებში აქტიურად გამოიყენება ისეთი ცნებები, როგორიცაა: ინტერნეტ ეკონომიკა, ქსელური ვაჭრობა, ონლაინ ვაჭრობა და ა. შ.

ინტერნეტი მსოფლიო მასშტაბის ელექტრონული ბაზარია, რომელშიც ეკონომიკურ ურთიერთობათა მთელი სპექტრია წარმოდგენილი. ელექტორნული კომერცია შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც ყველა იმ ეკონომიკურ ურთიერთობათა ერთობლიობა, რომელთა განხორციელებაც სრულად ან არასრულად ინტერნეტ სერვისის ანუ კომპიუტერული ქსელების გამოყენებითაა შესაძლებელი. წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, ელექტრონული კომერცია მოიცავს თანამედროვე კომუნიკაციის თითქმის ყველა საშუალებას – ელექტრონულ ფოსტას, ფაქსს, ინფორმაციის გადამტან სხვადასხვა საშუალებებს და ა. შ. ეს კი გაცილებით ამარტივებს სხვადასხვა გეოგრაფიულ ტერიტორიაზე არსებულ საწარმოებსა და მომხმარებელს შორის ეკონომიკური ურთიერთობის დამყარებას. ელექტრონული კომერცია, როგორც ეკონომიკურ – სამართლებრივ ურთიერთობათა ტიპი, შეიძლება არა მხოლოდ სრულად ვირტუალურ რეჟიმში მიმდინარეობდეს, ასევე შესაძლოა იგი ქსელს გარეთაც პოულობდეს გაგრძელებას. ეს თავად ხელშეკრულებისა და ურთიერთობის სპეციფიკიდან უნდა გამომდინარეობდეს და დამოკიდებული უნდა იყოს იმ პროდუქტზე თუ მომსახურებაზე, რომლის მიწოდება და მომსახურების გაწევაც კონტრაგენტის მიერ ხორციელდება. ამ თვალსაზრისით ე.წ. „ურთიერთობათა ფორმაციის“ მიხედვით ელექტრონული კომერცია შეიძლება დაიყოს:

  • არასულად ვირტუალური ელექტრონული კომერცია;
  • სრულად ვირტუალური ელექტრონული კომერცია.

არასრულად ვირტუალური ელექტრონული კომერციის შემთხვევაში ეკონომიკური ურთიერთობები ორივე ე. წ. ქსელურ და ქსელის გარეთა სივრცეში მიმდინარეობს. სრულად ვირტუალური ელექტრონული კომერციის დროს კი მხარეთა შორის ურთიერთობები და ურთიერთვალდებულებები, მხოლოდ კომპიუტერის მეშვეობით „ონლაინ რეჟიმში“ წარმოიშვება. იგივე რეჟიმში ხდება მათი შესრულება. ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა მომსახურებისა თუ სხვა ხელშეკრულების საგანი ელექტრონული ფორმით არსებობს ან დიგიტალიზირებადია (ელექტრონულია, ვირტუალურია).

გარდა ზემოაღნიშნული დაყოფისა, ელექტრონული კომერციის ტიპები ერთმანეთისგან შეიძლება განვასხვავოთ მასში მონაწილე სუბიექტების მიხედვით (გაბისონია, 2009:130-132):
ა) ელ-კომერციით ვაჭრობით დაკავებულ ბიზნეს კომპანიებს შორის წარმოშობილი ურთიერთობები. ელექტრონულ კომერციაში აღნიშნული ტიპის ურთიერთობებს შემოკლებით B2B ტიპის ურთიერთობებს უწოდებენ;
ბ) ელ-კომერციით ვაჭრობით დაკავებულ ბიზნეს კომპანიასა და მომხმარებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობები. ელექტრონულ კომერციაში აღნიშნული ტიპის ურთიერთობებს B2C ტიპის ურთიერთობებს უწოდებენ;
გ) მომხმარებლებს შორის ელ-კომერციით ვაჭრობისას წარმოშობილი ურთიერთობები. ელექტორნულ კომერციაში აღნიშნული ტიპის ურთიერთობებს შემოკლებით C2C ტიპის ურთიერთობებს უწოდებენ;
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ელექტრონულ კომერციაში შეიძლება სხვა სუბიექტებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც თავის მხრივ ურთიერთობათა ინდივიდუალურ რგოლებს წარმოქმნიან, მაგრამ მათი მნიშვნელობა განსახილველ საკითხში მნიშვნელოვანი არ არის, რადგან ისინი ე.წ. ჰორიზონტალურ სავაჭრო ურთიერთობებში კი არ გვევლინება მხარეების სახით, არამედ ასრულებენ ე.წ. საკონტროლო ფუნქციას. რაც შეეხება ზემოთ მოყვანილ ურთიერთობებს, მათ შორის განსხვავება სამართლებრივი რეგულირების თვალსაზრისით აქტუალურია. ამ ურთიერთობათა კლასიფიკაცია სუბიექტთა მიხედვით დიდ პრაქტიკულ მნიშვნელობას ატარებს.
ელექტრონული კომერციით დაკავებულ ბიზნეს კომპანიებს შორის არსებული B2B ურთიერთობები ინტერნეტ ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მხედველობაში მიიღება როგორც საფინანსო ბრუნვის მასშტაბებიდან, ასევე სხვა ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე მაჩვენებლების შეფარდება. ამ ურთიერთობების მსვლელობისას ოპერაციები ძირითადად ხორციელდება „ონლაინ რეჟიმში“, მხოლოდ ბიზნეს კომპანიებს შორის. აქ იგულისხმება ყველა ის იურიდიული პირი, რომელიც ურთიერთობებში თავისი სახელით გამოდის და არ სარგებლობს „მომხმარებლის“ სტატუსით.

როგორც წესი, აღნიშნული ურთიერთობები ხანგრძლივ ხასიათს ატარებს. ოპერაციები შეიძლება მიდიოდეს როგორც დახურულ, ასევე ღია ბაზარზე. დახურულ ბაზარში სუბიექტებად მხოლოდ ის კომპანიები გამოდიან, რომლებიც ამ ბაზრის აკრედიტირებული (რეგისტრირებული) წევრები არიან. ღია ბაზარი კი ყველა დაინტერესებული კომერსანტისთვის ღია რჩება. ბიზნეს კომპანიებისთვის ელექტრონული ბაზარი ერთობ მიმზიდველი სფეროა ვაჭრობისთვის, რადგან დროის და ხარჯების მაქსიმალური ეკონომიის ფონზე, მათ შეუძლიათ სარფიანი გარიგება დადონ სხვა საწარმოებთან მისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. როგორც წესი B2B ტიპის კომერციაში ბიზნეს მხარეებად კარგად ცნობილი და მსოფლიოში აღიარებული კომპანიები გამოდიან. როდესაც ვსაუბრობთ B2B ელექტრონულ კომერციაზე, მხედველობაში გვაქვს საერთაშორისო ეკონომიკური (კომერციული, სავაჭრო) კერძო სამართლებრივი გარიგებები. ამ გარიგებათა რიცხვს გარდა საერთაშორისო ნასყიდობისა, მიეკუთვნება საერთაშორისო მომსახურების, საერთაშორისო გადაზიდვისა და ნივთის მიწოდების ხელშეკრულებები.

უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრონული ხელშეკრულებების სამართლებრივი რეგულირების აქტუალობა და პრობლემატიკა ძირითადად საერთაშორისო კომერციული ხელშეკრულებების დროს იკვეთება, რაც მომხმარებლის, როგორც სოციალურად და ეკონომიკურად უფრო სუსტი მხარის სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზანს ემსახურება. ე.წ. ქსელს გარეთ წარმოებული ურთიერთობების დროს უბრალო მომხმარებელი იშვიათად თუ გვევლინება მხარედ საერთაშორისო ეკონომიკურ გარიგებებში. ტექნიკის, კერძოდ კი ინტერნეტის განვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ციკლი ამ თვალსაზრისით. მისცა საშუალება უცხო ქვეყანაში მომუშავე კომპანიებს თანამედროვე მარტივი საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით სხვა ქვეყნებში ეწარმოებინათ შესყიდვები, შეკვეთები თუ მსგავსი ოპერაციები, დაედოთ მრავალი ტიპის ხელშეკრულებები, ოფისიდან ან სულაც საკუთარი ბინიდან გაუსვლელად. უნდა აღინიშნოს, რომ B2B ტიპის ელექტრონული კომერციის საკოლიზიო (აქტი, ნორმა) თუ მატერიალურ-სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები ძირითადად მსოფლიოში საერთაშორისო სავაჭრო ნორმათა უნიფიკაციის მეშეობით რეგულირდება. მხარეებად ამ ურთიერთობებში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძირითადად იურიდიული პირები ან ის ფიზიკური პირები გამოდიან, რომლებიც სამართლებრივ ურთიერთობებში არასამომხმარებლო მიზნით შედიან. B2B ელ. კომერციის დროს მხარეები ერთმანეთთან სამართლებრივ ურთიერთობებში შესვლამდე რამდენიმე ალტერნატივით სარგებლობენ:
ა) მათ შეუძლიათ საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალში აღიარებული „მხარეთა ნების ავტონომიის“ პრინციპზე დაყრდნობით უარი თქვან ამა თუ იმ ქვეყნის კანონმდებლობის გამოყენებაზე და მთლიანად ან ნაწილობრივ დაუქვემდებარონ ხელშეკრულება მათ მიერ არჩეული ქვეყნის სამართალს. აღნიშნულ შესაძლებლობას განამტკიცებს გაეროს ვენის 1980 წლის კონვენცია „საქონლის საერთაშორისო ყიდვა- გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ“.
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მხარეებმა არ ისარგებლეს „მხარეთა ნების ავტონომიის“ პრინციპით და თავად არ აირჩიეს გამოსაყენებელი სამართალი, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაში შესაბამისი ხელშეკრულების მიმართ ავტონომ- იურად უნდა იმოქმედოს გაეროს ვენის 1980 წლის ზემოთ აღნიშნულმა კონვენციამ.

ელექტრონული ბიზნესის განვითარებაში იკვეთება საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის სფეროში უახლესი ინოვაციური მიდგომების დანერგვა. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ელექტრონული ბიზნესი წარმოადგენს მათი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მძლავრ სტიმულს. სისტემატურად მეტი კომპანია ერთვება ელექტრონულ ვაჭრობაში და ვითარდება ელექტრონული ბიზნესი.

საქართველოში პირველი ელექტრონული მაღაზიების პროტოტიპები 2001 წელს გამოჩნდა, თუმცა მაშინ ეს მხოლოდ ქვეყანაში ელექტრონული ბიზნესის განვითარების მცდელობა იყო და მათი უმეტესობა ყიდვა-გაყიდვის შესახებ განცხადებების განთავსებით შემოიფარგლებოდა. ელექტრონული მაღაზიების განვითარების პრობლემები შეგვიძლია ორ დიდ ჯგუფად წარმოვადგინოთ:
1. ქვეყანაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების პრობლემები.
2. არსებული ელექტრონული მაღაზიების ფუნქციონირების პრობლემები. პირველი ჯგუფის პრობლემებიდან შესაძლებელია გამოვყოთ შემდეგი ძირითადი ფაქტორი – საქართველოში ინტერნეტ მომხმარებლების რაოდე- ნობის სიმცირე. რეგიონებში ინტერნეტის გავრცელების დაბალ მაჩვენებელს ინტერნეტ პროვაიდერებზე გაძნელებული წვდომა, მომსახურების ფასი და კავშირის სიჩქარე განაპირობებს. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის არასაკმარისი განვითარება. განსაკუთრებული სიმწვავით ეს პრობლემა დგას საქართველოს რეგიონებში.

მეორე ჯგუფის პრობლემები შეიძლება დავყოთ 3 ფაქტორად:
ინფორმაციული ფაქტორები:
1. ელექტრონულ მაღაზიაში განთავსებული პროდუქტის სურათების დაბალი
ხარისხი;
2. სკანირების ტექნოლოგიების (ვირტუალური შემოწმება) და პროდუქტის
ნახვის ტექნოლოგიების (3D ფორმატში) არარსებობა;
3. არასრული ინფორმაცია პროდუქტის მიწოდებასა და გადახდის
საშუალებების შესახებ;
4. არასრულყოფილი ინფორმაცია პროდუქტისა და მომსახურების შესახებ;
5. სხვადასხვა უკუკავშირის მექანიზმების (ბლოგები, ფორუმები) არარსებობა;
მომსახურების ფაქტორები:
1. შეკვეთილი პროდუქტის არარსებობა საწყობში;
2. პროდუქტის მიწოდების თარიღის დარღვევა;
3. არარსებობა სავაჭრო წერტილების, საიდანაც შეიძლება პროდუქტის
წამოღება;
4. საძიებო სისტემაში ინტერნეტ-მაღაზიის არარსებობა;

ტექნიკური ფაქტორები:
1. მაღაზიის საიტზე ნავიგაციის სისტემის სირთულე;
2. არამუშა ბმულები;
3. სერვერიდან ინტერნეტ მაღაზიის ჩატვირთვის დაბალი სიჩქარე, რაც
განპირობებულია მოწყობილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის
დაბალი ხარისხით;
4. ელექტრონული მაღაზიების ვებსაიტების ცუდი გამოყენებადობა, რაც ხელს
უშლის პოტენციური ონლაინ მყიდველების მოზიდვას.
სუბიექტური ფაქტორებიდან, რომლებიც ხელს უშლიან ელექტრონული
მაღაზიების განვითარებას საქართველოში, აღსანიშავია ქართველი ინტერნეტ მომხმარებლების დაბალი ნდობა და ფსიქოლოგიური მოუმზადებლობა შეიძინონ პროდუქცია ინტერნეტის მეშვეობით.